დავითი 2017 წელს გახდა პრესტიჟული University of Pennsylvania - ს ბიზნესის სკოლის, Wharton - ის MBA - ს სტუდენტი.
The University of Pennsylvania ერთ-ერთია იმ რვა წამყვანი უნივერსიტეტიდან, რომლებიც აკადემიურმა ბრწყინვალებამ, მოხვედრის სირთულემ და ე.წ Social Elitism-მა ჯერ კიდევ 1954 წელს, The Ivy League-ში გააერთიანა.
Wharton პრესტიჟულ რეიტინგებში სტაბილურად მოწინავე ადგილებს იკავებს:
Global MBA Ranking 2018 - N3
Global MBA Ranking 2017 - N3
Forbes MBA Ranking 2017 - N1
Wharton-ში სწავლის პარალელურად, დავითმა, რომელიც აშშ-ში გამგზავრებამდე საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას იკავებდა, ურთულესი შესარჩევი კონკურსის გადალახვის შემდეგ, მოიპოვა Goldman Sachs-ის ლონდონის ოფისში, საინვესტიციო ბანკინგის დეპარტამენტში სტაჟირები გავლის შესაძლებლობა.
დავითმა გვიპასუხა მაგისტრატურასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო შეკითხვაზე:
- რა კრიტერიუმებით შეარჩიე პროგრამა და უნივერსიტეტი?
მაგისტრატურის შერჩევისას ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო შესაძლებლობა მქონოდა investment banking-ის მიმართულებით სტაჟირებისა და საინტერესო პროფესიული კონტაქტების დამყარების. ძირითადად, ორიენტირებული ვიყავი აშშ-ის ბიზნეს სკოლებზე და ორივე კრიტერიუმის გათვალისწინებით, Wharton საუკეთესო ვარიანტად მესახებოდა.
Wharton მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლის გარდა სტუდენტს აძლევს ღირებული საკონტაქტო ქსელის შექმნის შესაძლებლობას, ე.წ networking opportunities.
- რამდენ და რომელ უნივერსიტეტებში დააგზავნე საბუთები?
საბუთები გავაგზავნე ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში: Wharton, Stanford, Chicago Booth, Harvard, Kellogg.
- რა თავისებურებები აქვს MBA პროგრამას Wharton-ში და რა წარმოადგენს მთავარ სირთულეს სწავლისას?
სწავლა არცთუისე რთულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც იქამდე შეხება ჰქონდა ბიზნესთან. გამოვყოფ ორ მთავარ გამოწვევას: პირველი, ე.წ recruiting პროცესის წარმატებულად გავლა და საინტერესო სტაჟირების მიღება, და მეორე, დროის სწორად გადანაწილება - ბალანსის პოვნა სწავლასა და გართობა-განტვირთვას შორის.
- რა განასხვავებს Wharton-ს სხვა უნივერსიტეტებისაგან (მათ შორის, საქართველოს)?
Wharton-ში დიდი ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ სწავლას, არამედ სოციალურ აქტივობებს. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულებისა და ინტერესის კლუბებსა და უამრავ ისეთ აქტივობაში, რაც საქართველოსთვის ჯერაც ახალია. სტუდენტები ბევრ დროს ატარებენ ერთად, მიზეზითა თუ უმიზეზოდ.
- რა შეგიძლია გვითხრა აშშ-ში ცხოვრების შესახებ?
აქ ყოფნა საინტერესოცაა და დატვირთულიც, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩართულია აქტიური რეკრუტინგის პროცესში, საბანკო და საკონსულტაციო მიმართულებით. ზოგადად რომ შევაფასო, ცხოვრება აშშ-ში მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ისევე, როგორც აქ მყოფი ადამიანების მიზნები და მოლოდინები.
- არსებობს თუ არა აშშ-ში დასაქმების რეალური პერსპექტივა და რამდენად დაგეხმარა Wharton ამ მიმართულებით?
დასაქმება აშშ-ში აბსოლუტურად რეალურია. MBA პროგრამები აშშ-ს ბიზნეს სკოლებში განსაკუთრებულად ორიენტირებულები არიან დასაქმებაზე და ხშირ შემთხვევაში, სწორედ დასაქმებაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც პროფესიონალები MBA პროგრამაზე აბარებენ.
Wharton ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია. დამეხმარა რეზიუმესა და აპლიკაციის გასწორებაში, საპრეზენტაციო სესიებისა და ინტერვიუებისთვის მომზადებაში. კარიერის ცენტრი ძალიან აქტიურად მუშაობდა. ყოველი ინდუსტრიისთვის განსხვავებული მრჩეველი ყავდათ გამოყოფილი, რომლებიც ინდივიდუალურად მუშაობენ ყველა სტუდენტთან.
- რამდენად დივერსიფიცირებულია კურსი (თუ კონკრეტული ეროვნების სტუდენტები ჭარბობენ)?
კურსი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. სტუდენტების 2/3 აშშ-დან, დანარჩენი ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაა; აღსანიშნავია ინდოელი და ჩინელი სტუდენტების სიჭარბეც.
- როგორ დაახასიათებდი სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ურთიერთობას?
აბსოლუტურად არაფორმალური. ლექტორები ძალიან მეგობრულები და უშუალოები არიან. ხშირად გადიან ლანჩსა და სადილზე სტუდენტებთან ერთად. აღსაღნიშნავია მათი გულწრფელი ინტერესი სტუდენტის უკეთ, პირად დონეზე გაცნობის.
- რამდენად გაკმაყოფილებს უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობა, თუ არის საგრძნობი Wharton-ში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი?
Wharton ძლიერი ტექნიკური ბაზის მქონე ბიზნეს სკოლაა, სადაც სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ყველა უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობა. არსებობს სპეციალური სასწავლო სივრცეები, აღჭურვილი თანამედროვე სპიკერებით, მონიტორებითა და ყველა სხვა საჭირო ინვენტარით.
- ლექციებზე დასწრება რამდენად კონტროლდება?
დასწრება მხოლოდ მთავარ, ყველასთვის აუცილებელ, ე.წ core მოდულებზე კონტროლდება.
- რამდენად მკაცრად აფასებენ სტუდენტებს Wharton-ში?
შეფასების სირთულე ჯგუფის საშუალო დონის პროპორციულია, ძლიერ ჯგუფებში შეფასების მეტი სიმკაცრით.













