top of page

ნიამ 2016 წელს წარმატებით დაასრულა MiM კურსი დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულ London Business School-ში, რომელიც ბიზნეს სკოლების ევროპულ და მსოფლიო რეიტინგებში სტაბილურად მოწინავე ადგილებს იკავებს:

Financial Times 2018 - №4,

Bloomberg 2017 - №2,

QS Global MBA 2018 - №5,

London Business School სწავლების მაღალი ხარისხისა და ინოვაციურობის გარდა, ცნობილია იმითაც, რომ მასში მოსახვედრად საჭიროა განსაკუთრებულად რთული შესარჩევი პროცესის გავლა და ბრწყინვალე აკადემიური მოსწრების გარდა, დიდი ყურადღება ექცევა კანდიდატის სამუშაო გამოცდილების ხარისხს (ნაკლებად - ხანგრძლივობას). 

სწავლის პერიოდში ნიამ გაიარა სტაჟირება ლონდონში Investment Banking მიმართულებით და გვიპასუხა მაგისტრატურასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო შეკითხვაზე: 

 - რა კრიტერიუმებით შეარჩიე პროგრამა და უნივერსიტეტი?

როდესაც გადავწყვიტე, რომ ბაკალავრის დასრულების შემდგომ მალევე გამეკეთებინა სამაგისტრო პროგრამა, ვეძებდი pre-experience პროგრამებს. Financial times-ის რეიტინგები ძალიან დამეხმარა, რომ გამეგო სხვადასხვა უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ და მერე თვითონ გამომეკვლია, რომელი პროგრამა პასუხობდა ჩემს მოთხოვნებს. ასე მივაგენი London Business School-ის სამაგისტრო პროგრამას მენეჯმენტში, რომელიც ზუსტად ესადაგებოდა ჩემს მოთხოვნებს.

 - რამდენ და რომელ უნივერსიტეტებში დააგზავნე საბუთები?

აპლიკაციების შევსება შემოდგომაზე დავიწყე და ჯერ ჩემს ორ ყველაზე სასურველ უნივერსიტეტში, LBS-სა და HEC-ში, გავაგზავნე. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, დანარჩენ უნივერსიტეტებში მოგვიანებით გავაგზავნიდი. LBS-სგან დადებითი პასუხი მომივიდა, HEC-მა უარი მითხრა.

სხვა უნივერსიტეტბში აღარ გამიგზავნია აპლიკაცია.

 - რა თავისებურებები ქონდა Master in Management პროგრამას LBS-ში და რა წარმოადგენდა მთავარ სირთულეს(-ებს) LBS-ში სწავლის დროს?

ეს პროგრამა გათვლილი იყო სტუდენტებზე, რომლებსაც ახალი დამთავრებული ჰქონდათ საბაკალავრო პროგრამა ან 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება გააჩნდათ. პროგრამა შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან. პროგრამის ფარგლებში გვქონდა 8 სავალდებულო საგანი და  2 არჩევითი საგნის აღების უფლება. პრაქტიკას რაც შეეხებოდა, გვქონდა გამოყოფილი 2 კვირა, Business Immersion Week, რომლის განმავლობაშიც არჩეულ კომპანიებში ატარებდი 2-3 საათს და ეცნობოდი კომპანიის საქმიანობას, იქ მომუშვე ადამიანებს, მათი სამუშაოს გამოწვევებს და იგებდი კონკრეტული კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ. BIW-ში მონაწილე კომპანიები იყვნენ: EBRD, Google, A.T.Kearny, Asos, და სხვა ინდუსტრიებში წამყვანი კომპანიები. ასევე ძალიან დიდი დრო და ყურადღება ეთმობოდა CV-ს მომზადებას, გვიტარდებოდა სავალდებულო კონსულტაციები ექსპერტებთან, რომლებიც რჩევას გვაძლევდნენ, თუ როგორ უნდა შეგვედგინა რეზიუმე, რომ დამსაქმებლის ყურადღება მიგვექცია.

მთავარი სირთულე სწავლის დროს, ალბათ, იყო სწავლის და recruitment-ის შეთავსება. რადგან პროგრამა მხოლოდ 1 წლიანია, თან უნდა ასრულო ყოველკვირეული დავალებები და თან თვალი გეჭიროს სამსახურის მოძებნის შესაძლებლობებზე, networking-ზე და ა.შ.

 

- რა განასხვავებს LBS-ს სხვა (მათ შორის, საქართველოს) უნივერსიტეტებისაგან?

London Business School ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბიზნეს სკოლაა მსოფლიოშიც და ევროპაშიც. გამორჩეულია იმით, რომ მისი პროფილი კონკრეტულად ბიზნესი და მასთან დაკავშირებული მიმართულებებია. ასევე, სტატისტიკურად, LBS-ის კურსდამთავრებულები საკმაოდ წარმატებულად აგრძელებენ თავიანთ კარიერას ტოპ საკონსულტაციო, საინვესტიციო და ტექნოლოგიურ კომპანიებში.

LBS გამოირჩევა თავისი მიდგომებითაც, ეს უნივერსიტეტი არ გავს სხვა ბრიტანულ უნივერსტეტებს და უფრო ამერიკული უნივერსიტეტის მოდელზეა, სადაც ქეისებით სწავლა აპრობირებული მეთოდია. ასევე აღსანიშნავია, LBS community-ს შეგრძნება. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მზადაა დაგეხმაროს და რჩევა მოგცეს, დაგარიგოს და თუნდაც რეკომენდაცია მოგცეს სამსახურის საპოვნელად. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე გავიცანი Uniliver-ის ფინანსების დირექტორი, რომელმაც საუბრის დასრულებისას შემომთავაზა მასთნ სამსახურში მისვლა და ერთი დღის გატარება, რათა მის საქმიანობას და კომპანიას უფრო უკეთ გავცნობოდი. ასევე, London Business School წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ ბრენდს დამსაქმებელთა შორის, რომლებიც ენდობიან  მის ხარიხს და ყოველთვის მოდიან სკოლაში პრეზენტაციების ჩასატარებლად.

- სწავლის გარდა, კიდევ რა შესაძლებლობებს გთავაზობდათ LBS სტუდენტებს?რა აქტივობებით იყავით დაკავებული?

სწავლის გარდა, სკოლაში იყო უამრავი კლუბი (პროფესიული ინტერესების, სპორტის, რეგიონალური), რომლებშიც გაწევრიანება და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება შეგვეძლო. იმართებოდა სხვადასხვა networking ივენთები, სადაც მოჰყავდათ მოწინავე ინდუსტრიის ლიდერები, რომლებიც საუბრობდნენ მწვავე თემებზე, განიხილავდნენ ბიზნესში მიმდინარე მოვლენებსა და აქტუალურ საკითხებს.

მე პირადად გაწევრიანებული ვიყავი Finance კლუბში, სადაც ამავდროულად ვიყავი კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და ორგანიზებას ვუწევდი ღონისძიებებს, ტრეინინგებს ჩემი პროგრამის სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, ვიყავი აქტიურად ჩართული Retail & Luxury Goods კლუბში, რომლის ორგანიზებითაც წავედით პარიზში ორდღიან ტურზე, სადაც ვეწვიეთ 4 წამყვან კომპანიას (Chanel, Van Cleef and Arpels, Coty)  და დიზაინის ინსტიტუტს. ასევე, შესაძლებლობა მომეცა საპილოტო კურსში, Topics in Luxury Management, მიმეღო მონაწილეობა, გამერჩია სხვადასხვა კომპანიის ქეისი და შემდგომ, მომესმინა კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლების აზრი. სწავლის გარდა, უამრავი სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა, რადგან ყველაფერში ერთდროულად ვერ ჩაერთვები.

- რა შეგიძლია გვითხრა ლონდონში ცხოვრების შესახებ?

ლონდონი არის ძალიან ჭრელი ქალაქი. ის წარმოადგენს ევროპის დიდ ფინანსურ ცენტრს, წამყვანი კომპანიების სათაო ოფისების ქალაქს, საუკეთესო მუზეუმებითა და გალერეებით, ამავდროულად, ძალიან ახალგაზრდულ და გასართობ ცენტრს.

ძალიან შემიყვარდა ლონდონი და მინდა აღვნიშნო, რომ ლონდონის წვიმები და უმზეობა მითია; თბილისში უფრო ხშირად წვიმს, ვიდრე ლონდონში. 

- არსებობდა თუ არა რეალური დასაქმების პერსპექტივები და რამდენად დაგეხმარათ LBS დასაქმებაში? ეფექტური იყო თუ არა LBS-ის კარიერის ცენტრი?

დასაქმების პერსპექტივა საკმაოდ რეალური იყო, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო შენი თავის წარმოჩენა შენზე იყო დამოკიდებული. უნდა ყოფილიყავი აქტიური, ინტერვიუებისთვის მომზადებული, კარგად ნავარჯიშები. ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, რომელსაც ეს უნივერსიტეტი გაძლევდა იყო ის, რომ ნებისმიერ შენთვის საინტერესო კომპანიაში აუცილებლად იპოვიდი LBS-ის სხვა პროგრამების სტუდენტს (MBA, EMBA), რომელიც გირჩევდა როგორ მოემზადო ინტერვიუსთვის, რას მიაქციო ყურადღება. გარდა ამისა, უფრო დეტალურად აგიღწერდა სამიზნე კომპანიის საქმიანობას, რათა გაგეგო ნამდვილად სასურველი კომპანია იყო თუ არა შენთვის.

კარიერის ცენტრიც, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური იყო. მუდმივად ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი კომპანია მოეზიდათ და დაემყარებინათ კონტაქტი, დაეპოსტათ ვაკანსიები და დაგხმარებოდნენ რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენაში. კარიერის ცენტრში თითოეულ ინდუსტრიაზე პასუხიმგებელი ე.წ. lead მენეჯერები იყვნენ, რომლებიც გეუბნებოდნენ ზუსტად, რა არის მნიშვნელოვანი, რომ წარმოაჩინო შენს აპლიკაციაში, რათა საინტერესო იყო პოტენციური დამსაქმებლისთვის. პირადად მე, ჩემი სტაჟირება ერთ-ერთ luxury კომპანიაში, ვიპოვე ჩვენი კარიერული ცენტრის საიტზე. ინტერვიუსთვის მოსამზადებლად კი ძალიან დამეხმარნენ კარიერული ცენტრის მენეჯერები.

- რამდენად დივერსიფიცირებული იყო კურსი (თუ კონკრეტული ეროვნების სტუდენტები ჭარბობდნენ)?

კურსი ისევე, როგორც მთლიანადა LBS, ძალიან დივერსიფიცირებული იყო ეროვნების მიხედვით. თუმცა, დივერსიფიკაცია ხდებოდა არა მხოლოდ ეროვნების მიხედვით, არამედ  საბაკალავრო საფეხურზე ნასწავლი მიმართულებების მიხედვითაც. მაგალითად, ჩემს კურსზე იყვნენ სტუდენტები, რომლებსაც ადრე ქიმიური ინჟინერია, ან ხელოვნებათმცოდნეობა ჰქონდათ ნასწავლი.

- როგორი ურთიერთობა იყო სტუდენტებსა და ლექტორებს შორის? (რამდენად გახსნილი და თავისუფალი ატმოსფერო იყო?)

სტუდენტებსა და ლექტორებს შორის საკმაოდ ფორმალური ურთიერთობა იყო, რაც ბუნებრივია. ლექტორები იყვნენ აკადემიკოსები, რომლებსაც თავისუფალი დრო თითქმის არ ჰქონდათ, რადგან უმეტესობა პარალელურად სამეცნიერო კვლევასაც აწარმოებდა. მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ შეკითხვის დასმის შემთხვევაში ვინმე უყურადღებოდ დაგტოვებდა. თუმცა კითხვებით ძირითადად ლექტორის ასისტენტებს მივმართავდით სემინარებზე.

- რამდენად გაკმაყოფილებდათ უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობა, იგრძნობოდა ტექნიკური პროგრესი?

ტექნიკურად უნივერსიტეტი საკმაოდ გამართული იყო და მუდმივად გვქონდა პროექტორი, საჭირო ატრიბუტიკა თუ vote უნდა გაგვეკეთებინა ლექციებზე და ა.შ. დასწრებაც მკაცრად კონტროლდებოდა და ბარათის სპეციალურ რიდერზე დაფიქსირებით აღირიცხებოდა. ლექციების გაცდენა არასაპატიო მიზეზით არ შეიძლებოდა და 3 ნებისმიერი ლექციის გაცდენის შემდგომ, გაფრთხილებას იღებდი.

- ლექციებზე დასწრება რამდენად კონტროლდებოდა?

კი, როგორც წინა პასუხში აღვნიშნე, ლექციებზე დასწრება სავალდებულო იყო და აღირიცხებოდა.

- რამდენად მკაცრი იყო შეფასებები?

შეფასებები იყო სკალირებული და კლასის ზოგადი შედეგების მიხედვით ვფასდებოდით. პირველი 10% არსებულ ქულებში ყველაზე მაღალი ქულების სტუნდეტები იღებდნენ A+, შემდეგი 30% იღებდა A-ს, შემდეგი 40% იღებდა B-ს , დანარჩენი 20% C-ს. დადგენილ მინიმალურ ზღვარს თუ ვერ გადალახავდი (გამოცდის 50%-ს) იჭრებოდი და ერთხელ გადაბარების უფლება გქონდა. კარგი შეფასება რომ მიგეღო, უბრალოდ სხვა სტუდენტებზე უკეთესად უნდა დაგეწერა და უკეთესი performance გქონოდა.

მისამართი:

ვაჟა-ფშაველას გამზ. #45, 

თბილისი

0177

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

+995 555 102 118

Trinityeducgroup@gmail.com

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
bottom of page