top of page

დიდი ბრიტანეთის Royal Military Academy Sandhurst მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სამხედრო აკადემიაა, რომელიც სხვადასხვა დროს დაასრულეს როგორც სამეფო ოჯახების მემკვიდრეებმა, ასევე გამოჩენილმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა.

2017 წელს Sandhurst წარჩინებით დაასრულა ქართველმა ოფიცერმა, ალექს პაპავაძემ, რომელიც დაგვთანხმდა, რომ გაგვიზიაროს თავისი შთაბეჭდილებები დიდი ბრიტანეთის საკულტო სამეფო სამხედრო აკადემიაში სწავლის  შესახებ.

- ალექს, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პროგრამა და უნივერსიტეტი?

 

Sandhurst - ში სწავლაზე ყოველთვის ვოცნებობდი და მოხარული ვარ, რომ ჩემი ოცნების რეალიზების შესაძლებლობა მომეცა. Sandhurst-ში მოხვედრა ძალიან რთული პროცესია და კანდიდატთა შორის კონკურენციაც უდიდესია. Sandhurst -ამდე გარკვეული დრო დავყავი აშშ-ს სამხედრო აკადემიაში, West Point, ამდენად,  დიდ ბრიტანეთში სწავლა და მის უდიდეს ისტორიასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან ზიარება ჩემთვის ახალი და მეტად საინტერესო გამოწვევა იყო.აღსანიშნავია ისიც, რომ Sandhurst-ში სწავლობენ სხვადასხვა პროფესიული მიმართულების კადრები. მაგალითად, თავის დროზე ის დაასრულეს უინსტონ ჩერჩილმა, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეებმა, ბრიტანელმა მომღერალმა ჯეიმს ბლანტმა, ა.შ.

- რამდენ და რომელ უნივერსიტეტებში დააგზავნეთ საბუთები?

 

მხოლოდ Sandhurst-ზე ვიყავი ორიენტირებული, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის ამ აკადემიაში მოხვედრაზე ვოცნებობდი.

- რა თავისებურებები ჰქონდა Sandhurst-ში სწავლას და რა წარმოადგენდა მთავარ სირთულეს(-ებს)?

Sandhurst-ში სწავლა უდაოდ დიდი გამოწვევაა ყოველი ახალგაზრდისთვის და მოითხოვს აბსოლუტურ კონცენტრაციას, მტკიცე დისციპლინასა და მიზანდასახულობას. პირადად ჩემთვის, მთავარ სირთულეს პირველი თვის განმავლობაში ენის გარკვეული ბარიერის არსებობა წარმოადგენდა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ახალგაზრდას ადაპტირებაში.  საბედნიეროდ, აღნიშნული სირთულე საერთაშორისო კანდიდატებმა მალევე დავძლიეთ და მოვახერხეთ აკადემიაში წარმატებულად ინტეგრირება.

- რა განასხვავებს Sandhurst-ს სხვა (მათ შორის, საქართველოს) სასწავლებლებისაგან?

Sandhurst ბევრი ფაქტორით გამორჩეული სასწავლებელია. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა,რომ ის სპეციალიზირებული აკადემია გახლავთ სამხედრო მიმართულებით, გვთავაზობს სრულფასოვან, ძლიერ აკადემიურ კურსსაც. Sandhurst, რომელიც 1947 წელს სამეფო სამხედრო აკადემიისა და  სამხედრო კოლეჯის შერწმით დაფუძნდა, გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი წარმატებული ისტორიითაც და ლიდერთა ნამდვილ სამჭედლოს წარმოადგენს.

- სწავლის გარდა, კიდევ რა შესაძლებლობებს გთავაზობდათ Sandhurst სტუდენტებს? რა აქტივობებით იყავით დაკავებული? 

 

სწავლის პარალელურად ჩართულები ვიყავით უამრავ კულტურულ და სოციალურ აქტივობაში. არსებობდა სხვადასხვა ინტერესის კლუბი და აბსოლუტურად ყველა სპორტული მიმართულება, დაწყებული პოლო და გოლფით, დასრულებული ტენისით, რაგბითა და კალათბურთით. სტუდენტები ხშირად თევზაობდნენ და ნადირობდნენ კიდეც. მაგრამ თავისუფალი დროის დეფიციტი ნამდვილად იყო. ყველანი ძალიან დატვირთულები ვიყავით, რადგან განსხვავებით სხვა სასწავლებლებისაგან, ჩვენი პროგრამა იყო 1-წლიანი და შესაბამისად, საკმაოდ ინტენსიური.

 

- რა შეგიძლია გვითხრა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ინგლისში ცხოვრების შესახებ?

 

ინგლისში გატარებული წელი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო, როგორც პიროვნული განვითარების, ასევე კარიერული თვალსაზრისით. ინგლისი ახალგაზრდას აძლევს მტკიცე ცოდნას, ღირებულ კონტაქტებს და დაუვიწყარ მოგონებებს. უმთავრესად კი, შესაძლებლობას ყოველივე ზემოაღნიშნული სამომავლოდ სამშობლოს კეთილდღეობისა და პროგრესისაკენ მიმართოს.

- არსებობდა თუ არა ადგილზე დასაქმების პერსპექტივები? 

დასაქმების პერსპექტივები სამხედრო კუთხით დიდ ბრიტანეთში ძირითადად მხოლოდ მოქალაქეებისათვის არის რეალისტური.

- რამდენად დივერსიფიცირებული იყო კურსი?

ვერ ვიტყვი, რომ კურსი იყო ძალიან დივერსიფიცირებული ეროვნების მხრივ, რადგან ძირითადად, ინგლისელები ჭარბობდნენ და დაახლოებით 60%-ს შეადგენდნენ. რაც შეეხება დივერსიფიკაციას სქესის მიხედვით, დაახლოებით 20%-ს შეადგენდნენ გოგოები, რომლებიც, სხვათაშორის, არათუ არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ბიჭებს გამძლეობასა და სიმტკიცეში, არამედ, ხშირად, ჯობდნიდნენ კიდეც.

- როგორი ურთიერთობა იყო სტუდენტებსა და ლექტორებს შორის? რამდენად გახსნილი და თავისუფალი ატმოსფერო იყო?

რა თქმა უნდა, არსებობდა მტკიცე სუბორდინაცია, მაგრამ ურთიერთობა, ისევე როგორც მთლიანი ატმოსფერო, ძალიან პოზიტიური, უშუალო და მეგობრული იყო, რაც საერთაშორისო კანდიდატებს უადვილებს ადაპტირებას და ახალი მეგობრების შეძენას. ასევე აღვნიშნავდი იმასაც, რომ ჯგუფები იყო საკმაოდ მცირე, სულ რამდენიმე სტუდენტით დაკომპლექტებული. ლექციები იყო აბსოლუტურად არათეორიული. დიდი ყურადღება ეთმობოდა სტუდენტების ჩართულობას, ინტერაქტიულობას და ძლიერი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. მაგალითად, გვქონდა სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციები, რომლებშიც ჩვენ სწორი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო სწრაფად და ინტეგრირებულად.

- რამდენად გაკმაყოფილებდათ უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობა, იგრძნობოდა ტექნიკური პროგრესი? 

 

ტექნიკური ბაზით Sandhurst ნამდვილად გამორჩეული სასწავლებელია. იყო აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა, როგორც სამხედრო და საგანმანათლებლო, ასევე სპორტული.

მისამართი:

ვაჟა-ფშაველას გამზ. #45, 

თბილისი

0177

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

+995 555 102 118

Trinityeducgroup@gmail.com

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
bottom of page