top of page
ალექსანდრე კუპატაძე, King's College London - ის ქართველი ლექტორი, რომელიც მოღვაწეობს უნივერსიტეტის European and International Studies დეპარტამენტში, წლების მანძილზე ასწავლიდა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მოწინავე, University of St Andrews - ის, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. ამასთანავე, იკავებდა პოსტ-სადოქტორო პოზიციებს ოქსფორდის (Oxford University, 2012-13), ჯორჯ ვაშინგტონისა (George Washington University, 2010-11) და პრინსტონის (Princeton University, 2013-14) უნივერსიტეტებში.
ბატონმა ალექსანდრემ უპასუხა ჩვენი სტუდენტების რამდენიმე საინტერესო და აქტუალურ შეკითხვას დიდ ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებით.
- ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით დიდი ბრიტანეთის საუნივერსიტეტო განათლების სისტემას?
მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო უნივერსიტეტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. დიდი ბრიტანეთი ობიექტურად გამორჩეულია კვლევისა და სწავლების უმაღლესი ხარისხით.
- თქვენი დაკვირვებით, რა თავისებურებები ახასიათებს დიდ ბრიტანეთში სწავლას და რამდენად უადვილდებათ ქართველ სტუდენტებს ადაპტაცია?
საუნივერსიტეტო სისტემა ბოლონიის პროცესის შემდეგ საკმაოდ დაახლოებულია ევროპულთან. საბედნიეროდ, ქართველ სტუდენტებს, როგორც წესი, დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად ჩამოსვლისას, არ უჭირთ ადაპტაცია. რა თქმა უნდა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლებისა და კვლევის სტანდარტები უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და შესაბამისად, მოთხოვნებიც სტუდენტებისადმი. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში შეფასების სისტემა უფრო მკაცრია, ვიდრე, ვთქვათ, აშშ-ში.
- რით არის გამორჩეული ლექციები და სემინარები დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში? არის რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები და მოთხოვნები ლექტორებისადმი?
დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში მუდმივი ტენუირებული ლექტორის ადგილის დასაკავებლად ძალიან მძაფრი კონკურენციის გავლა უწევთ მეცნიერებს. თუმცა, ლექტორი არ უნდა იყოს მხოლოდ საუკეთესო მეცნიერი; მას ამავდროულად უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
მეცნიერები მუდმივად მუშაობენ საკუთარ თავზე და გადიან მრავალ პროფესიონალურ ტრენინს, რათა კარგ მასწავლებლებად ჩამოყალიბდნენ. ამასთანავე, ლექტორებს მოეთხოვებათ სტუდენტებზე ზრუნვა, მათთან რეგულარულად შეხვედრა (კონკრეტული დროის გამოყოფა ყოველ კვირაში როდესაც ყველა სტუდენტს შეეძლება მათთან საუბარი); ასევე სტუდენტებისაგან მათი სწავლების მეთოდების და ხარისხის შესახებ უკუკავშირის მიღება, ამ უკუკავშირზე რეფლექსია და სწავლების შესაბამისი ადაპტაცია.
- რამდენად საგრძნობია სუბორდინცია ლექტორებსა და სტუდენტებს შორის?
სუბორდინაციის ხარისხს ერთსახად ვერ შევაფასებთ, რადგან ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია და კონკრეტულ ლექტორზეა დამოკიდებული.
- რას ურჩევდით ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ დიდ ბრიტანეთში განათლების მიღება?
ქართველ სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად ბევრი მუშაობა მოუწევთ, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს მათთვის შემაკავებელ ფაქტორად. მონდომების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევენ თავს. ბრიტანული უნივერსიტეტები მოწოდებულნი არიან იმისაკენ, რომ ყველანაირად დაეხმარონ სტუდენტებს ნებისმიერი ინტელექტუალური და სხვა, მაგ. ყოფითი სახის, პრობლემების გადალახვაში.
bottom of page




