თინათინმა 2016 წელს დაასრულა MBA საფრანგეთის ბიზნეს სკოლაში INSEAD, რომელიც პრესტიჟულ რეიტინგებში სტაბილურად მოწინავე ადგილებს იკავებს: Global MBA Ranking 2018 - N2. INSEAD-ში სწავლის პერიოდში თინათინმა გაიარა სტაჟირება ლონდონში Investment Banking მიმართულებით და ამჟამად იკავებს რისკების სპეციალისტის პოზიციას ლონდონის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ კომპანიაში.
თინათინმა გვიპასუხა მაგისტრატურასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო შეკითხვაზე:
- რა კრიტერიუმებით შეარჩიე პროგრამა და უნივერსიტეტი?
პროგრამის შერჩევისას ჩემთვის ძირითადი კრიტერიუმები იყო: საერთაშორისო გარემო, საერთაშორისო ბაზარზე პროგრამის ცნობადობა და ხარისხი, ასევე, სწავლის ხანგძლივობა. ტოპ MBA პროგრამები როგორც წესი, ორწლიანია, INSEAD-ისაგან განსხვავებით, რომელიც სტუდენტებს 10-თვიან ინტენსიურ კურსს თავაზობს.
- რამდენ და რომელ უნივერსიტეტებში დააგზავნე საბუთები?
საბუთები მხოლოდ ერთ უნივესტიტეტში, INSEAD-ში გავაგზავნე, რადგან მხოლოდ ამ უნივერსიტეტში სწავლით ვიყავი დაინტერესებული.
- რა განასხვავებს INSEAD-ს სხვა უნივერსიტეტებისაგან?
ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი საერთაშორისო გარემოა. INSEAD-ში არც ერთი ქვეყნიდან არ არის კლასის 10%-ზე მეტი წარმოდგენილი. ამასთან სასწავლო კურსი გათვლილია იმაზე, რომ მოამზადოს გლობალური ლიდერები. INSEAD-ს სამი კამპუსი აქვს: სინგაპურში, საფრანგეთში პარიზის მახლობლად და აბუ დაბიში. შესაბამისად სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყანაში ისწავლონ.
INSEAD-მა მომცა შესაძლებლობა მეცხოვრა 3 ქვეყანაში 2 სხვადასხვა კონტინენტზე; შევხვედროდი არაერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის დირექტორს, მესწავლა 73 სხვადასხვა ეროვნების წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანთან ერთად, დავსწრებოდი მსოფლიოში აღიარებული ლექტორების ლექციებს, მემართა საკუთარი კომპანია. ამასთან, მქონდა შესაძლებლობა გადამეხედა საკუთარი პრიორიტეტები, გამეანალიზებინა ჩემი კარიერული გზა და მომეხდინა თვითშეფასება. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი არაერთი კომპანიის წარმოამგენელს, გამეგო უფრო მეტი სხვადასხვა ინდუსტრიის შესახებ და ამერჩია ჩემი მომავალი კარიერული გზა.
პროგრამა არანაკლებ საინტერესო იყო პიროვნულ დონეზე, მომეცა შესაძლებლობა მემოგზაურა 10-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში, გამეტარებინა 4 დღე კერძო (დაქირავებულ) კუნძულზე 30-მდე iNSEAD-ელთან, მეცხოვრა ფრანგულ ვილაში ჩემს თანაკურსელებთან ერთად.
ახლაც კი, ლონდონში ყოფნისას და ახალ ქალაქთან ადაპტირების ეტაპზე, მუდმივად ვგრძნობ INSEAD-ელების თანადგომას, რაც ნამდვილად ფასდაუდებელია.








