top of page

მიხეილმა 2012 წელს წარჩინებით დაასრულა სამაგისტრო კურსი გამოყენებითი სტატისტიკის მიმართულებით დიდი ბრიტანეთის უძველეს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ University of Oxford - ში, რომელიც უნივერსიტეტების ელიტური 'Russell' ჯგუფის ღირსეული წევრია. ოქსფორდის უნივერსიტეტი Times-ის რესპექტაბელურ რეიტინში სტაბილურად მოწინავე ადგილასაა, 2018 წელს კი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა. 

საუკუნეებია, რაც University of Oxford ბრწყინვალე რეპუტაციას და სწავლების უმაღლეს ხარისხს ინარჩუნებს, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის ფაქტიც, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტმა 9 - ჯერ მოიპოვა Royal University Award (სამეფო უნივერსიტეტის ჯილდო) -  ყველა სხვა უნივერსიტეტზე მეტჯერ. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არის 40 ნობელის პრემიის ლაურეატი, ბრიტანეთის 25 პრემიერ-მინისტრი, 6 მეფე და ასობით პოლიტიკური მოღვაწე.

მიხეილმა გვიპასუხა University of Oxford - ში მაგისტრატურასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო შეკითხვაზე: 

 - რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პროგრამა და უნივერსიტეტი?

 პროგრამა - გამოყენებით სტატისტიკა - უკვე შერჩეული მქონდა ჩემი ინტერესების შესაბამისად. უნივერსიტეტი შევარჩიე პროგრამის სწავლების სიძლიერისა და, ზოგადად, უნივერსიტეტის სიძლიერის მიხედვით.

 - რამდენ და რომელ უნივერსიტეტებში დააგზავნეთ საბუთები?

 საბუთები დავაგზავნე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში.

 - რა თავისებურებები ჰქონდა გამოყენებითი სტატისტიკის პროგრამას ოქსფორდის უნივერსიტეტში და რა წარმოადგენდა მთავარ სირთულეს(-ებს) ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს?

 თავისებურებად გამოვყოფდი, რომ ზოგადად ინგლისური სამაგისტრო პროგრამები ერთწლიანია (ნაცვლად ორწლიანისა), და, ამიტომ, სწავლება ბევრად უფრო ინტენსიურია.

 

 - რა განასხვავებს ოქსფორდის უნივერსიტეტს სხვა (მათ შორის, საქართველოს) უნივერსიტეტებისაგან?

 პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სწავლების ხარისხი. ოქსფორდის უნივერსიტეტი რეგულარულად სახელდება მსოფლიოს ხუთ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის და ბოლო წლებია, პირველ ადგილსაც იკავებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ოქსფორდში და სიდიდით ქალაქის თითქმის ნახევარი უჭირავს (ქალაქის 13%-ს სტუდენტები შეადგენენ).

ბიბლიოთეკები, მუზეუმები, დეპარტამენტები და კოლეჯები მთელ ქალაქშია მიმოფანტული და ერთ დიდ სტუდენტურ გარემოს შეადგენს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის სიძველისა (დაარსდა 1096 წელს და უძველესია ინგლისურენოვან სამყაროში) და პრესტიჟულობის გამო შენობების უმეტესობა რამდენიმე საუკუნეს მაინც ითვლის, და განუმეორებელ სასწავლო და საცხოვრებელ ატმოსფეროს ქმნის.

 - სწავლის გარდა, კიდევ რა შესაძლებლობებს გთავაზობდათ ოქსფორდის უნივერსიტეტი სტუდენტებს? რა აქტივობებით იყავით დაკავებული?

 უნივერსიტეტში მოქმედებს უამრავი სტუდენტური კლუბი, დაწყებული „ოქსფორდის დებატების საზოგადოებიდან“, რომელშიც დიდი ბრიტანეთის ბევრი მომავალი პრემიერ-მინისტრი და საზოგადო მოღვაწე მართავდა სტუდენტობისას დებატებს, გლაიდინგის კლუბამდე, სადაც მინიმალური საწევროს ფასად შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გლაიდერით იფრინოთ.

რადგანაც ქალაქი სტუდენტურია, უნივერსიტეტთან დაკავშირებული კლუბების უმეტესობა ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ, და სტუდენტებისთვის გაწევრიანება უფასო ან ძალიან იაფია. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ყოველდღიურად იმართება მთელი მსოფლიოდან მოწვეული სხვადასხვა დარგის მკვლევარების საჯარო ლექციები, რომლებზე დასწრებაც თავისუფალია.

რაც შეეხება გართობას, უნივერსიტეტის კოლეჯებში თითქმის ყოველ კვირა იმართება წვეულებები, და ყველა კოლეჯს თავისი ბარი აქვს. წელიწადში ერთხელ ყველა კოლეჯი მართავს ფორმალურ ბალს. ასევე, ქალაქში არის უამრავი პაბი, რესტორანი და ღამის კლუბი.

 

 - რას გვეტყოდი ოქსფორდში ცხოვრების შესახებ?

 ოქსფორდში ცხოვრება ძალიან დატვირთული და პოზიტიური იყო. მქონდა საშუალება დავსწრებოდი მსოფლიო დონის მეცნიერების ლექციებს, სწრაფად განვვითარებულიყავი არჩეული მიმართულებით, გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნებსა და მათ კულტურებს, და შემეძინა საერთაშორისო სამეგობრო.

 - არსებობდა თუ არა რეალური დასაქმების პერსპექტივები და რამდენად დაგეხმარათ ოქსფორდის უნივერსიტეტი დასაქმებაში? ეფექტური იყო თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტის კარიერის ცენტრი?

 უნივერსიტეტში რეგულარულად იმართება დასაქმების ფორუმები, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა კომპანიები (მათ შორის ისეთებიც, როგორიცაა Google, Microsoft, McKinsey, და ა. შ.) მომავალი თანამშრომლების მოსაძებნად. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერის ცენტრი, სადაც სტუდენტებს უფასო კონსულტაციის მიღება შეუძლიათ დასაქმებასთან დაკავშირებით.

 - რამდენად დივერსიფიცირებული იყო კურსი (თუ კონკრეტული ეროვნების სტუდენტები ჭარბობდნენ)?

 კურსზე ათზე მეტი ეროვნების სტუდენტები იყვნენ წარმოდგენილი. ზოგადად, უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი მესამედი საერთაშორისო სტუდენტია, 140 სხვადასხვა ქვეყნიდან.

 - როგორი ურთიერთობა იყო სტუდენტებსა და ლექტორებს შორის? 

სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ძალიან თავისუფალი დამოკიდებულება იყო. ადვილი იყო ლექტორებისთვის კითხვების დასმა, დისკუსიაში შესვლა და ლექციების შემდეგ კონსულტაციებზე მისვლა.

 - რამდენად გაკმაყოფილებდა უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობა, იგრძნობოდა ტექნიკური პროგრესი? 

 უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობა იყო კარგი და ქმნიდა კომფორტულ პირობებს სამუშაოდ.

 - ლექციებზე დასწრება რამდენად კონტროლდებოდა?

 ლექციებზე დასწრება არ კონტროლდებოდა.

 - რამდენად მკაცრი იყო შეფასებები?

 იქიდან გამომდინარე, რომ კურსი ძალიან ინტენსიური იყო და მცირე დროში დიდ მასალას მოიცავდა, გამოცდებიც საკმაოდ რთული იყო, თუმცა შეფასებები სამართლიანი იყო.

მისამართი:

ვაჟა-ფშაველას გამზ. #45, 

თბილისი

0177

მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

+995 555 102 118

Trinityeducgroup@gmail.com

  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
bottom of page